კონკურს VICTORIA-ს შედეგები

2012 წლის 23 ივლისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართა კონკურსი VICTORIA, ლათინურ ენაში. მონაწილეობის მიღების მსურველი 15 კონკურსანტიდან კონკურსზე გამოვიდა 10 სტუდენტი, რომელთაგან გამარჯვება მოიპოვა ხუთმა. გამარჯვებული სტუდენტები: სალომე ნოზაძე, ლელა ხვედელიძე, ანა ჯანიკაშვილი,  ქრისტინე აბრამიანი და ხატია მიქელაძე დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და სხვადასხვა ჯილდოებით. უმაღლესი ქულების მფლობელ სამ პრიზიორს გადაეცა ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობის საგზური, მეოთხე და მეხუთე პრიზიორებს, შესაბამისად, 150 და 100 ლარის წიგნადი ვაუჩერები.

კონკურსი VICTORIA 2012

2012 წლის 23 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება კონკურსი VICTORIA.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 13

თსუ VIII კორპუსი

აუდიტორია 220, II სართული

ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ 2012 წლის კონკურსის ანონსი.

ანტიკური მოდის სამყარო თბილისის გოეთეს ინსტიტუტში

5 ივლისს, 21:00 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება განმეორებითი ჩვენება – ანტიკური მოდის სამყარო, პროფესორ ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგის ხელმძღვანელობით (იენისა და ჰალეს უნივერსიტეტები). ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება სამოსი მინოსური კრეტიდან გვიანანტიკური პერიოდის ჩათვლით. ეს ჩვენება უკვე გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავსა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსების 15 წლისთავს მიეძღვნა. წარმოდგენის დიზაინიცა და სცენარიც ეკუთვნის პროფესორ ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგს. დეფილეში მონაწილეობას მიიღებენ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ხელოვნების აკადემიის სტუდენტები და დოქტორანტები.

მისამართი:

თბილისი, ზანდუკელის ქ. 16

ანტიკური მოდის სამყარო

30 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დეფილე ანტიკური მოდის სამყარო, რაც ძვ. წ.-ის 20 და ახ. წ.-ის 5 საუკუნეებს მოიცავს – მინოსური კრეტიდან გვიანანტიკური პერიოდის ჩათვლით. ღონისძიება საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსების 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში გაიმართა. სულ წარმოდგენილი იყო ოცდაათამდე კოსტუმი, რომლთა დიზაინიც ეკუთვნის იენისა და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორს – ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგს. მასვე ეკუთვნის ამ წარმოდგენის სცენარიც. მოდელთა უმეტესობა შექმნილია იმ ხელოვნების ნიმუშების მიხედვით, როგორიც არის ქანდაკებები და მცირე პლასტიკური ნაწარმი, რელიეფი, ბერძნული ვაზური ფერწერა,  კედლის მხატვრობა და მოზაიკები. დეფილეში მონაწილეობდნენ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ხელოვნების აკადემიის სტუდენტები და დოქტორანტები.