ანტიკური მოდის სამყარო

30 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დეფილე ანტიკური მოდის სამყარო, რაც ძვ. წ.-ის 20 და ახ. წ.-ის 5 საუკუნეებს მოიცავს – მინოსური კრეტიდან გვიანანტიკური პერიოდის ჩათვლით. ღონისძიება საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსების 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში გაიმართა. სულ წარმოდგენილი იყო ოცდაათამდე კოსტუმი, რომლთა დიზაინიც ეკუთვნის იენისა და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორს – ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგს. მასვე ეკუთვნის ამ წარმოდგენის სცენარიც. მოდელთა უმეტესობა შექმნილია იმ ხელოვნების ნიმუშების მიხედვით, როგორიც არის ქანდაკებები და მცირე პლასტიკური ნაწარმი, რელიეფი, ბერძნული ვაზური ფერწერა,  კედლის მხატვრობა და მოზაიკები. დეფილეში მონაწილეობდნენ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ხელოვნების აკადემიის სტუდენტები და დოქტორანტები.