ბატონი ბაჩანას გახსენება – “სიტყვით-ხელოვანი და მეცნიერი წიგნთაი და განმმარტებელი”

 

 

12715744_1723910177838180_4844385724710977144_n

 

 

სიტყვითხელოვანი და მეცნიერი წიგნთაი და განმმარტებელი

(ფიქრები ბაჩანა ბრეგვაძეზე)

 

წინდაწინ ვიტყვი: მიზნად არ დამისახავს სრულად წარმომედგინა ბატონ ბაჩანა ბრეგვაძის პორტრეტი‚ მაგრამ შევეცდები გადმოვცე ის განწყობილებანი‚ რასაც მასთან საუბრისას თუ მის შემოქმედებასთან ზიარებისას განვიცდი.

ჩვენს გვერდით იშვიათად‚ მაგრამ მაინც‚ არიან ადამიანები‚ რომელთა სიტყვასაც‚ უდიდესი მოაზროვნეების სიბრძნით გასხივოსნებულს‚ განსაკუთრებული გულისყურით რომ ვისმენთ და ვიზიარებთ. ზოგჯერ ასე გვგონია‚ მათი პირით ის ფილოსოფოსნი და სიბრძნისმეტყველნი გვესაუბრებიან‚ უაღრესად შორსმჭვრეტი გონიერებით ჭეშმარიტებას რომ მიახლოებიან.

ასეთ ადამიანად აღვიქვი ბატონი ბაჩანა ძალიან‚ ძალიან დიდი ხნის წინ და ეს შთაბეჭდილება დღემდე არ გამნელებია.

ახლა‚ როდესაც ერთხელ კიდევ გადავათვალიერე ჩემს ბიბლიოთეკაში საგულდაგულოდ ადგილმიჩენილი ის წიგნები‚ რომელთაც ბაჩანა ბრეგვაძის სახელი ამშვენებს‚ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ეს ის ქმნილებებია‚ რომლებიც მოსწონს ბატონ ბაჩანას‚ რადგანაც ,,მისი აზრი მის თარგმანებსა და თხზულებებშია და მისი თარგმანები და თხზულებები ასაზრდოებენ მის აზრს” (მომიტევეთ გადაკეთებული პერიფრაზისთვის). ხშირად მომისმენია ბატონ ბაჩანას საუბარი ადამიანის დანიშნულებაზე‚ დაახლოებით ისეთი‚ როგორც ეს მარკუს ავრელიუსის ,,ფიქრებშია” დალაგებული: ,,ყველაფერი მსწრაფლწარმავალია‚ ყველაფერი მითს ემსგავსება ძალიან მალე‚ მერე კი‚ ასევე ძალიან მალე‚ დავიწყებას ეძლევა მითიც”. და ეს მაშინ‚ როცა საქმე ეხება ოდესღაც დიდების შარავანდედით მოსილთ; ხოლო რაც შეეხება დანარჩენთ‚ საკმარისია‚ სული განუტევონ და სახსენებელიც აღარსადაა მათი. მაშინ რაღაა სამარადისო ხსოვნა? ამაოება ამაოთა და არარაობა. მაშ‚ რაღას უნდა მიველტვოდეთ‚ რაღას უნდა მოვახმაროთ ჩვენი სიცოცხლე? აზროვნების სიწმინდესა და სიწრფელეს‚ საზოგადო საქმის სამსახურს‚ უტყუარ სიტყვას და სულის ისეთ განწყობილებას‚ რომელიც სიხარულით იღებს ყველაფერს‚ როგორც გარდაუვალს‚ როგორც საცნაურს და საერთო საწყისისა და წყაროსაგან წარმოდინებულს” (II‚ 33).

 

მრავალი მარადიული კითხვა ბრუნავს ჩვენს დაბინდულ გონებაში და მუდამ ვლამობთ დიდ მოაზროვნეთა ნაფიქრალში ამოვიკითხოთ პასუხები. გავიხსენოთ ბატონ ბაჩანას მიერ თარგმნილი ზოგიერთი ავტორი: ფსევდო-ლონგინე‚ ,,ამაღლებულისათვის”‚ 1975 .; ბლეზ პასკალი‚ ,,აზრები”‚ 1981 .; ნიკოლო მაკიაველი‚ ,,მთავარი”‚ 1984 .; მარკუს ავრელიუსი‚ ,,ფიქრები”‚ 1984 .; ნიკოლოზ ბერდიაევი‚ ,,ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში”‚ 1001

დროით ერთობ დაშორებულ მოაზროვნეთა ამ ქმნილებების თარგმანებს თან ვრცელი გამოკვლევა და შენიშვნები ახლავთ‚ სადაც მთარგმნელი (თუ მკვლევარი) ესსეისტის დახვეწილი გემოვნებით საკუთარ შეფასებებსაც გვთავაზობს. სხვადასხვა ეპოქა‚ სხვადასხვა ხედვა‚ სხვადასხვა აღქმა სამყაროსი‚ თუმცა კითხვა რჩება მარადიული. დიდი ფრანგი პოეტისა და მოაზროვნის პოლ ვალერის ემბლემა _ გასაღებზე შემოხვეული გველი _ ხომ სიმბოლოა ,,იმ მტანჯველი ძალისხმევისა‚ რომლითაც ადამიანის მაძიებელი აზრი მიიწევს წინ სამყაროს საიდუმლოებათა შეცნობის ნარეკლიან გზაზე”_  აღნიშნავს პოლ ვალერის მთარგმნელი (,,სულის კრიზისი”‚ 1993 წ.) და ისეთი შთაბეჭდილება რჩება‚ თითქოს თავადაც იტანჯება თავისი მაძიებელი აზრის ძალისხმევით. ვფიქრობ‚ მას სულიერ სიმშვიდეს ჰგვრის იმ საკითხთა კვლევა და ანალიზი‚ სადაც ადამიანური გონება ლოგიკის გზით ჭეშმარიტებას ეძიებს.

,,არასოდეს ისე საგრძნობი არ ყოფილა და არც ისე მძაფრად გაცნობიერებულა ადამიანისა და ისტორიის კონფლიქტი‚ ისტორიის წინააღმდეგობანი‚ როგორც ჩვენს დროში; არასოდეს ადამიანი არ ყოფილა ასე დაუცველი ისტორიაში მიმდინარე პროცესებისგან‚ არც ასე ჩათრეული ისტორიაში და არც თავისი თავიდან გაძევებული‚ ობიექტივირებული და სოციალიზირებული. ვერცერთი ადამიანი ვერ აღწევს თავს ისტორიულ მოვლენებს‚ გასრესას რომ უქადიან მას; ამ მხრივ‚ აღარ არსებობენ ადამიანთა პრივილეგირებული ჯგუფები‚ ისტორიის ფატუმის წინაშე ყველა თანასწორი ხდება. ადამიანს ემუქრება საფრთხე იმისა‚ რომ აღარაფერი დარჩება თავისი თავისთვის‚ თავისი პირადი‚ ინტიმური ცხოვრებისათვის‚ აღარ დარჩება შემოქმედებითი აზრისა თუ სულიერი ცხოვრების თავისუფლება. ის ჩათრეულია უზარმაზარი კოლექტივების ცხოვრებაში და არაადამიანურ ბრძანებებს ემორჩილება. ადამიანებისაგან მოითხოვენ‚ რომ მან უკლებლივ ყველაფერი მისცეს საზოგადოებას‚ სახელმწიფოს‚ რასას‚ კლასს‚ ერს. ამ მხრივ‚ მსოფლიო ომსა და მის მომდევნო რევოლუციურ პროცესებს ადამიანის ბედისათვის მეტაფიზიკური მნიშვნელობა აქვთ. ირყევა თვით ადამიანობის ყველა საფუძველი” _ ეს ბერდიაევის სიტყვებია (ისტორია მსჯავრის წინაშე. ომი. 10)‚ რომლებიც დაახლოებით საუკუნის წინ დაიწერა. ამ უაღრესად თანამედროვე ნაშრომს რომ გვთავაზობს მისი მთარგმნელი‚ ასკვნის: ,,დღევანდელი სინამდვილე არანაკლებ აპოკალიპტურია‚ ვიდრე ამ წიგნის დაწერისას იყო. მომავლის პერსპექტივა მსოფლიო ისტორიის მთელ მანძილზე იშვიათად თუ ყოფილა უფრო პირქუში. ,,ისტორია კოშმარული სიზმარია‚ საიდანაც გინდა მალე გამოფხიზლდე”‚ _ ამბობდა ჯოისი. კოშმარი დღემდე გრძელდება‚ გამოფხიზლებას კი ვერ იქნა და ვერ ვეღირსეთ. ამ კოშმარის ყველაზე ტრაგიკულ მომენტად ბერდიაევს სავსებით სამართლიანად ესახება მაღალი კულტურის ხვედრი სულისშემხუთველ სინამდვილეში‚ სადაც ერთპიროვნულად ბატონობს ბესტიალური პრაგმატიზმი”. ეს სიტყვები ბაჩანა ბრეგვაძის‚ როგორც ადამიანისა და მოაზროვნის ერთგვარ მსოფლაღქმად უნდა მივიჩნიოთ; მას ხომ მთელი სიმძაფრით აქვს გათავისებული თანამედროვე ცივილიზაციის საფუძვლები. არ დარჩენილა ეპოქა‚ ანტიკურობიდან მოყოლებული‚ რომლის არსისეული ანალიზიც ბატონ ბაჩანას არ შეეთავაზებინა ქართველი მკითხველისათვის. შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე გამოკვლევას (მათ სრულყოფილ ჩამოთვლას არაერთი ფურცელი დასჭირდებოდა): ,,ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი” წიგნში: პლატონი‚ ტიმეოსი‚ 1994 წ.; ,,პლატონური დიალექტიკის შედევრი” წიგნში: პლატონი‚ პარმენიდე‚ 2002 წ.; აღსანიშნავია აგრეთვე ვრცელი წინათქმები. შუა საუკუნეების‚ რენესანსის‚ კლასიციზმის თუ სხვა ეპოქათა შედევრების თარგმანთა გამოცემებში. საგანგებოდ უნდა ვახსენოთ ფუნდამენტური ნაშრომი ,,პლატონი და რუსთაველი”‚ რომელიც დამატების სახით ახლავს წიგნს: პლატონი‚ პარმენიდე‚ 2002‚ გვ. 260-464.

აქ ბატონი ბაჩანა მისთვის ჩვეული გულმოდგინებით‚ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნებით‚ მეცნიერული სიზუსტითა და ტაქტით წარმოგვიდგენს რუსთველოლოგიურ ძიებათა ანალიზსაც და გვთავაზობს საკუთარ მოსაზრებებსაც. ძნელია არ ენდო მკვლევარს‚ რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია თარგმნის ანტიკური ფილოსოფიური აზრის ,,გვირგვინის”‚ პლატონის‚ ფასდაუდებელ ქმნილებებს‚ რომელსაც ღრმად აქვს გააზრებული პლატონამდელი და მის შემდგომდროინდელი ფილოსოფია და‚ სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ‚ დიდებულად გრძნობს იმ სამყაროს‚ რომელმაც ,,ვეფხისტყაოსანი” გვიანდერძა. ,,რუსთველმა შეძლო თავის დიად ქმნილებაში დიდოსტატური ხელოვნებით განეხორციელებინა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა უზენაესი სინთეზი” (გვ. 300) _ აღნიშნავს მკვლევარი და მოკლედ‚ თუმცა სიღრმისეულად‚ მიმოიხილავს ამ ორ ,,დიად მიმართულებას” და მკითხველის თვალწინ მთელი თავისი მრავალფეროვნებით ცოცხლდება ის კულტურული გარემო‚ რომლის წიაღშიც შეიქმნა ,,ვეფხისტყაოსანი”. რა თქმა უნდა‚ ბატონ ბაჩანას მიზნად არ დაუსახავს ამ პოემის სრულყოფილი ანალიზი. იგი წარმოაჩენს რუსთველის პოეტური ნააზრევის მხოლოდ იმ ასპექტს‚ რომელიც დიდ პოეტს პლატონის ფილოსოფიასთან აკავშირებს. პოემის უმნიშვნელოვანეს კარედთა პირველწყაროებთან იდენტიფიკაცია კი‚ იმავდროულად‚ ნათელს ჰფენს ,,რუსთველის იდუმალებით მოცული ბიოგრაფიის ორიოდე საგულისხმო დეტალს”. ეს არის და ეს. თუმცა რაოდენ ღრმა და მრავლისმომცველია თავად ნაშრომი‚ მკითხველი მაშინ დარწმუნდება‚ როდესაც მის ბოლო გვერდსაც გაასრულებს და სურვილი დაებადება‚ კვლავ მიუბრუნდეს მას. მიუბრუნდეს არა მხოლოდ იმიტომ‚ რომ უფრო ღრმად გაიაზროს იქ განხილული ფილოსოფიური პრობლემები‚ არამედ იმიტომაც‚ რომ თვალი გაადევნოს იმ ფიქრთა ნაკადს‚ რომელიც ასოციაციურ ჯაჭვად კრავს მთელ გამოკვლევას. გაინტერესებთ‚ რა კავშირი აქვს პოლ ვალერის მინიატურას: _ ,,სიცოცხლე დაფრინავს სხეულიდან სხეულზე‚ შემკრთალი მათი უდღეურობით‚ როგორც დაფრინავს ტოტიდან ტოტზე მათი მოცახცახე უმწეობით დამფრთხალი ჩიტი”; აგრეთვე ინდოელი მოაზროვნის სვამი ვივეკანანდას გამონათქვამს: _ ,,ასე იხეტიალებს სული სხეულიდან სხეულამდე‚ ხან ცას ეწევა‚ ხან კი მიწაზე დაეშვება‚ ხან ადამიანის სახეს მიიღებს‚ ხანაც ცხოველის გარსში განსხეულდება; და ასე გაგრძელდება მანამ‚ სანამ მთლიანად არ დააგროვებს გამოცდილებას და არ დაასრულებს თავისი არსებობის ციკლს. ამ დროისათვის სული უკვე შეიცნობს თავის ბუნებასაც და საკუთარ თავსაც‚ განთავისუფლდება უმეცრებისგან‚ მთელი მისი ძალა გამოვლინდება და ის სრულქმნილებას მიაღწევს. მას უკვე აღარ სჭირდება მოქმედება ფიზიკური გარსისა და თვით უფრო ნატიფი სულიერი სხეულის მეშვეობით. სული საკუთარი სინათლით ნათობს‚ ის საბოლოოდ თავისუფლდება დაბადებათა და გარდაცვალებათა ციკლისაგან” _ ,,ვეფხისტყაოსნის” გმირის‚ ინდოელ მეფის ასულის ამ სიტყვებთან:

ღმერთსა შემვედრე‚ ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა‚

ცეცხლსა‚ წყალსა და მიწასა‚ ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცნეს ფრთენი და ავფრინდე‚ მივხვდე მას ჩემსა ნდომასა‚

დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა?

თუ გაინტერესებთ‚ უნდა მისდიოთ ბატონ ბაჩანას ცნობიერებას‚ სადაც მბრწყინავ ვარსკვლავებად დაბუდებულან უნატიფესი ,,აზრები”‚ ,,ფიქრები” და საერთოდ ის‚ რაც არის ,,მთავარი”.

მაგრამ რა არის მთავარი? რის წვდომას ელტვის ადამიანის გონება? აქ ისევ პლატონს დავესესხოთ: ,,გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა‚ რომელსაც ძნელად თუ გაარჩევს გონების თვალი‚ მაგრამ საკმარისია ბუნდოვნად მაინც აღვიქვათ იგი‚ რომ აქედან უშუალოდ გამომდინარეობს დასკვნა: სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი. ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს‚ გონით საწვდომ სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანეელიც‚ რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება; ამიტომ სწორედ მის ჭვრეტას უნდა ცდილობდეს ყველა‚ ვისაც სურს გონივრულად იქცეოდეს როგორც კერძო‚ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში…” (,,სახელმწიფო”‚ VII‚ 517 ბ). ასეთია დასკვნა პლატონის ცნობილი ,,მღვიმის მითისა”‚ რომლითაც იწყება ,,სახელმწიფოს” VII წიგნი. ამ მითში‚ ფილოსოფოსთა განმარტებით‚ მთელი პლატონიზმის არსია მოცემული. თავად ბაჩანა ბრეგვაძის აზრით კი ,,კაცობრიობის ისტორიაში არავის გამოუხატავს უფრო მძაფრად და გულშემზარავად უღმერთოდ შთენილი ადამიანის მიუსაფრობა‚ მისი უღიმღამო ყოფის მთელი ტრაგიზმი‚ ვიდრე ეს შეძლო პლატონმა თავის სახელგანთქმულ ,,მღვიმის მითში” (,,პლატონური დიალექტიკის შედევრი” _ წიგნში: პლატონი‚ პარმენიდე‚ 2002 წ.‚ გვ. 101). რაზე ამახვილებს ყურადღებას მკვლევარი თავის გამოკვლევაში‚ რომელიც ,,პარმენიდეს” ეძღვნება და არა ,,სახელმწიფოს”? ეს გახლავთ ცნობიერების აღმასვლა ,,მღვიმური აზროვნებიდან” სიკეთის უზენაესი იდეის‚ ანუ ღმერთის ჭვრეტამდე. ხანგრძლივი და ღრმა ფილოსოფიური კვლევის შედეგი კი საკმაოდ უბრალოდ გამოითქმის: ,,პლატონის მთელი დიალექტიკა‚ უწინარეს ყოვლისა‚ ღმერთისაკენ მიმავალი გზაა”.

,,თუ ერთი არ არის‚ არაფერი არ არის” _ ასეთია პლატონური დიალექტიკის შედევრის‚ ..პარმენიდეს” დასკვნა. და საკმარისია, ეს უარყოფითი ფორმულა დადებითით შეიცვალოს‚ რომ იგივე აზრი ასეთ სახეს მიიღებს: ,,თუ ერთი არის‚ ყველაფერი არის”‚ ანუ‚ რაც იგივეა: ,,თუ ღმერთი არის‚ ყველაფერი არის”. თითქოს ყველა დროის ათეისტთა გასაგონად არის ნათქვამი: ღმერთის არსებობის უარყოფა სამყაროს არსებობის უარყოფას ნიშნავს; სცადეთ უარყოთ სამყარო” (გვ. 212)! _ ეს უკვე იმ მოაზროვნის გამოწვევაა‚ რომელსაც პლატონის ,,პარმენიდეში” (და არა მხოლოდ ამ დიალოგში) დასმული პრობლემები‚ შემდგომ რომ სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობათა უმთავრეს საკვლევ ობიექტებად ქცეულა‚ გაუცნობიერებია. არსი და არარსი‚ ერთი და მრავალი‚ იგივეობა და სხვაობა‚ მოძრაობა და უძრაობა‚ განსაზღვრულობა და განუსაზღვრელობა‚ შეცნობადობა და შეუცნობადობა‚ დროულობა და დროის მიღმურობა‚ მონოლითური მთლიანობა და სტრუქტურული განწილულობა _ აი‚ იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალი‚ რომელზე მსჯელობასაც ზემოთ აღნიშნულ ფორმულამდე მივყავართ (,,თუ ერთი არ არის‚ არაფერი არ არის”). როგორც წესი‚ ფილოსოფიური თხზულებანი უბრალო მკითხველისათვის რთულად გასაგები სიამოვნებაა. ის‚ რომ ჩამოთვლილ პრობლემათა განმარტება არ უნდა იყოს იოლად ჩასაწვდომი‚ ალბათ მკითხველიც დამეთანხმება. მაგრამ დავუკვირდეთ‚ როგორი გულმოდგინებით ცდილობს ,,პარმენიდეს” მთარგმნელი და განმმარტებელი წარმოგვიდგინოს დაპირისპირებულთა ერთიანობის პლატონური კონცეფცია‚ ის‚ რასაც შემდეგ ,,დიდ დიალექტიკურ კანონს” უწოდებენ. პარმენიდე ამბობს: ,,როცა ერთი მრავალში გადადის‚ მრავალი კი _ ერთში‚ ერთი არც ერთია და არც მრავალი‚ არც ერთდება და არც იყოფა. ზუსტად ასევე‚ მსგავსიდან _ არამსგავსში‚ არამსგავსიდან კი მსგავსში გადასვლისას‚ ის არც მსგავსია და არც არამსგავსი‚ არც რაიმეს ემსგავსება და არც განემსგავსება…” (,,პარმენიდე”‚ 156 ბ – 157 ბ). თითქოს უბრალოდ და მარტივად მსჯელობს პარმენიდე თავის თანამოსაუბრესთან‚ მაგრამ თანამედროვე მკითხველის წინაშე მრავალი კითხვა იბადება: როდესაც ,,ერთი” მოძრაობიდან უძრაობაში გადადის‚ ან პირიქით‚ უძრაობიდან მოძრაობაში‚ მაშინ ის არის თუ არა დროში? არსებობს თუ არა ისეთი დრო‚ რომლის განმავლობაშიც ერთი და იგივე რამ შეიძლება არც მოძრაობდეს და არც უძრავი იყოს? შეიძლება თუ არა ცვალებადობის გარეშე შეიცვალოს რაიმე? როდის იცვლება ის‚ რაც შეიცვალა‚ თუკი არც უძრაობის ან მოძრაობის მდგომარეობაშია და არც დროში? რა ეწოდება იმ საოცარ მომენტს‚ რაშიც უნდა იყოს რაიმე‚ როცა იცვლება? _ ამ და მრავალ სხვა უაღრესად საინტერესო პრობლემაზე გამაოგნებელი უბრალოებით გვესაუბრება ბატონი ბაჩანა თავის გამოკვლევებში თუ პირადი საუბრებისას. ეს უბრალოება კი უკვე ,,სიტყვით-ხელოვანთა” თვისებაა. ვიმეორებ‚ მიზნად არ დამისახავს ბაჩანა ბრეგვაძის‚ როგორც მოაზროვნის‚ ფილოსოფოსის‚ თუნდაც ლიტერატორის ან მთარგმნელის სრულყოფილი პორტრეტის წარმოდგენა. ამიტომ მის ფილოსოფიურ შეხედულებებზე აქ ვწყვეტ საუბარს და ამ წერილის მკითხველის ყურადღებას გადავიტან იმაზე‚ თუ როგორ ახერხებს ბატონი ბაჩანა ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობისას ისეთი სურათები წარმოგვიდგინოს‚ რომლებიც პოეტურ ხატებად რჩებიან მეხსიერებაში. ნიმუშად რამდენიმე ამონარიდს წარმოვადგენ:

,,ყოვლად შეუძლებელია გრძნობებით აღვიქვათ‚ აზრით ,,მოვიხელთოთ” ან სიტყვით გამოვთქვათ არარსის ეს მარად მედინი‚ წამით-წამად ცვალებადი სამყარო. ცნობიერებისათვის ისევე მიუღწეველია გამუდმებით ცვალებად საგანთა თუ მოვლენათა წვდომა‚ მათი თვითიგივეობის ფიქსირება‚ როგორც ჭავლის ციმციმის‚ სანთლის მოლაპლაპე ალის ან შუქ-ჩრდილის ჟინიანი თამაშისა” (,,ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი”‚ წიგნში: პლატონი‚ ტიმეოსი‚ 1994 წ.‚ გვ. 17).

“…ჰერაკლიტეს სამყარო: ესაა ნამდვილი ბრძოლის ველი‚ სადაც ყველაფერი ბორგავს‚ ბობოქრობს‚ ტორტმანებს‚ იბრძვის: აქ არაფერია მდგრადი‚ თავისთავადი და წარუვალი; შმაგად მედინი მდინარე _ აი‚ ამ სამყაროს სიმბოლური ხატი. მაგრამ ეს უცნაური მდინარეა: უნაპირო და უკალაპოტო; მთელი უსაზღვრო‚ უსასრულო‚ უკიდეგანო სამყარო მდინარესავით ფაფარაყრილი‚ მარადისობისკენვე მიაქანებს თავის ბობოქარ ტალღებს”. _ ამ შთამბეჭდავ შედარებას უშუალოდ მოსდევს მისივე ავტორის შეფასება: ,,თუმცა ჰერაკლიტეს რატომღაც ავიწყდება ერთი “პატარა დეტალი’: იქ‚ სადაც ყველაფერი მიედინება‚ ყველაფერი გამუდმებით მოძრაობს‚ არსებითად‚ არაფერი არ მოძრაობს…” (,,პლატონური დიალექტიკის შედევრი” წიგნში: პლატონი‚ პარმენიდე‚ 2002 წ.‚ გვ. 42).

საოცარია პირდაპირ‚ როგორ თანაარსებობს მოაზროვნე ფილოსოფოსსა და განმმარტებელში‚ დახვეწილ ლიტერატორში ენის გრძნობაცა და პოეტური ნიჭიც. როდესაც ენის გრძნობას ვახსენებ‚ მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მშობლიური ენა‚ არამედ ის ენებიც‚ რომლებიდანაც უშუალოდ თარგმნის ბატონი ბაჩანა (ძველი ბერძნული‚ ლათინური‚ იტალიური‚ ფრანგული‚ ესპანური…). შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა ის შედევრი‚ რომელსაც ქართველი მკითხველი ეზიარა მის თარგმანთა მეშვეობით‚ თუმცა რამდენიმეს მაინც ვახსენებ: სერვანტესის ,,დონ კიხოტი”‚ იბსენის ,,დრამები”‚ ა. ფრანსის‚ ფ. გარსია ლორკას‚ გ. მისტრალის თხზულებანი‚ წერილები ლიტერატურისა და ესთეტიკის საკითხებზე‚ არ შეიძლება არ ვახსენო ,,მიქელანჯელოს პოეზია”‚ ევრიპიდეს ,,მედეა”. სიტყვამ მოიტანა და იმასაც დავსძენ‚ რომ ევრიპიდეს თარგმანში საინტერესო ექსპერიმენტი შემოგვთავაზა მთარგმნელმა: სადიალოგო პარტიები‚ რომელიც ორიგინალში იამბური ტრიმეტრით (ანუ ლექსად) არის გამართული‚ რიტმული პროზით გადმოაქართულა‚ ხოლო საგუნდო _ ლექსით. აი‚ ამ პოეზიის ნიმუშიც:

ერეხთიდების ნეტარო მოდგმავ‚

თქვენ‚ ღვთივშობილნო‚ ოდითგანვე თავისუფალი

მიწა-წყლის მკვიდრნო! ღვთიური სიბრძნის

მადლით ზრდილნი ნაზი ნარნარით

რომ დანანაობთ ჰაეროვან სივრცეში‚ სადაც

ოქროსთმიანი ჰარმონიის ცხრა ნაშიერი _

ცხრა სხივოსანი პიერიდი თქვენთანა ჰსუფევს‚

სადაც კეფისის კამკამა ზვირთი

ნაზი ალერსით თავს ევლება კიპრიდას სხეულს‚

სადაც ქალღმერთის სუნთქვასავით მსუბუქი ჭავლი

ირგვლივ იფრქვევა და ვარდნარად აქცევს ნაპირებს…

(,,მედეა”‚ სტასიმონი მესამე).

განსხვავდება თუ არა ბაჩანა ბრეგვაძის პოეტური ენა მისივე მეცნიერული ენისაგან? დიახაც‚ განსხვავდება‚ მაგრამ ისე ცხადია მსგავსებაც მათ შორის‚ რომ სტრიქონთა მიღმა არ შეიძლება არ იცნო მათი ავტორი _ მოაზროვნე და სიბრძნით გასხივოსნებული‚ იქნებ დამძიმებულიც. მის გონებაში ხომ უხვად დაბუდებულან ყოველი დროის და ეპოქის სიბრძნისმეტყველთა ,,ფიქრები” და ,,აზრები მარადიულ პრობლემებს რომ სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. მაგრამ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა ხომ ერთია! ფიქრობენ ამაზე ადამიანები? ან რას ნიშნავს გერქვას ადამიანი? _ ვეკითხები ბატონ ბაჩანას. თავს უფლებას ვაძლევ ვუპასუხო ამ შეკითხვას ამონარიდით ერთ-ერთი ბრწყინვალე ბიოგრაფიული რომანიდან‚ რომელსაც ,,ბლეზ პასკალი” ეწოდება და რომლის ავტორმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა‚ რომ შეუდარებელია მეცნიერულ ბელეტრისტიკაშიც: “…ადამიანისათვის თანდათანობით უცხო ხდება დიადი ზნეობრივი თუ გნოსეოლოგიური იმპერატივი‚ რომელიც სოკრატემ უანდერძა კაცობრიობას: ,,შეიცან თავი შენი!..” და რაკი ადამიანს რამდენიმე მარადიული კითხვის პასუხი არ მოეძებნება‚ რაკი ორიოდე მარადიული პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია‚ ის ცდილობს საერთოდ არ იფიქროს ამ პრობლემებზე”. ალბათ ასეა.

 

 

ნანა ტონია

გაზეთი ,,ჩვენი მწერლობა” – 5-11 დეკემბერი, 2003 წელი.