კონკურსი VICTORIA

კონკურსი VICTORIA

ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებში

1 კონკურსის ლოგო

 

2016 წლის 22 ივლისს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდა კონკურსი VICTORIA ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებში. აღნიშნული კონკურსი იმართება 2008 წლიდან. იგი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კლასიკური ენების პოპულარიზაციას. კონკურსს დაარსების დღიდანვე სათავეში უდგას თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი რისმაგ გორდეზიანი. იდეის ავტორი და ორგანიზატორია ვიქტორია ჯუღელი. წლევანდელ კონკურსს გაუძღვნენ ჟიურის თავმჯდომარეები და წევრები: იამზე გაგუა, თინათინ გიორგობიანი და სვეტა ბერიკაშვილი.

2016 წლის კონკურსი სამმაგი აღმოჩნდა: ლათინური – ჰუმანიტარებისთვის, ძველი ბერძნული – კლასიკოსებისთვის და ძველი ბერძნული – ჰუმანიტარებისთვის. ასეთი რამ პირველად მოხდა კონკურსის არსებობის 8 წლის განმავლობაში.
წლევანდელი კონკურსი მეტად წარმომადგენლობითიც იყო. 22 ივლისს, კონკურსის მიმდინარეობას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში, ბატონი მუხრან გულაღაშვილი, ხოლო დაჯილდოებისას კონკურსანტებისათვის გადასაცემი დიპლომები გამარჯვებულთა სახელებითა და გვარებით ქართულ და ლათინურ ენებზე უმშვენიერესად შეამკო მხატვარმა, ხელოვანმა და კალიგრაფმა, ”ქართველმა ვუნდერკინდმა, რომელმაც ლუვრის ექსპერტები გააოცა”, გიორგი სისაურმა, რითაც ეს დიპლომები ოფიციალური დოკუმენტებიდან, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატებად აქცია.
კონკურსი წარმომადგენლობითი იყო იმითაც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ლათინურ ენაში მონაწილეობა მიიღო სხვა უმაღლესი სასწავლებლების სამმა სტუდენტმა, სხვაგვარად რომ ითქვას, სამივე სტუდენტი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ლათინური ენის კონკურსში, სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გვეწვია: თბილისის სასულიერო აკადემიიდან და აგრარული უნივერსიტეტიდან, რომლის სტუდენტებისთვისაც ჩვენი კონკურსის არსებობის შესახებ მის გამართვამდე სულ ათიოდე დღით ადრე გახდა ცნობილი.
წელს ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა: ლათინურ ენაში – ცოტნე ჩხეიძე (სასულიერო აკადემია, 88 ქულა) და ირაკლი ნადირაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი, 71 ქულა), ძველ ბერძნულში კლასიკოსებისათვის – ბექა კილანავა (თსუ, 90 ქულა), ძველ ბერძნულში ჰუმანიტარებისათვის – ანა ოღაძე (თსუ, 80 ქულა) და მარიამ მოქია (თსუ, 78 ქულა). ვულოცავთ მათ და ვულოცავთ  მათ მასწავლებლებს: ქეთევან აბესაძეს, ლევან ტატიშვილსა და ვიქტორია ჯუღელს. კონკურსის გამარჯვებულთაგან პირველი ადგილის მფლობელნი დაჯილდოვდნენ ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობით, მეორე ადგილის მფლობელნი კი 150 და 100 ლარის ვაუჩერებით, რომლებითაც  შეუძლიათ წლის განმავლობაში მიიღონ შესაბამისი თანხის წიგნები საგამომცემლო პროგრამა ”ლოგოსის” მაღაზიიდან. ამ პრიზებთან ერთად გამარჯვებულებს გადაეცათ კონკურსის ლოგოთი გაფორმებული ჭიქები და ბლოკნოტები, საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსში“ გამოცემული წიგნები, ამას გარდა, კონკურსანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის, “Scripta Manent”, კოორდინატორის  თათია მთვარელიძის თაოსნობით დაჯილდოვდნენ მაისურებითა და სამაჯურებით, სანიშნეებითა და სკრიპტორიუმის ბარათებით.

კონკურსის ტექნიკურ მხარეზე იზრუნეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მარიამ კალაძემ და ეკატერინე კვირკველიამ, ასევე საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ თანამშრომლებმა  ალექსანდრე ჯიქურიძემ და დავით მუჯირმა.

ბოლოს კი, ჩვენს კონკურსანტებს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებსა და დასახული მიზნების მიღწევას, რადგან  Ἐξ ὀνύχων λέοντα და Audentes fortuna iuvat!

 

კონკურსი VICTORIA