საერთაშორისო კონფერენცია “მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში”

17 სექტემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში" გაიხსნება, რომელიც  ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი მეცნიერი ხუთი კონტინენტის 13 ქვეყნიდან (საქართველო, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, აშშ, ავსტრალია, ბრაზილია, რუსეთი).
 
კონფერენციის პარალელურად გაიმართება გამოფენები  „ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები“, „მედეა ქართულ მხატვრობაში“, ფოტოგამოფენა „მედეა ქართულ სცენაზე“, ასევე 20 წლის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  მიმართულებით გამოცემული წიგნების ექსპოზიცია. 
 
გამოფენა „მედეა ქართულ მხატვრობაში“ წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეებისა და კერამიკოსების მედეას თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ბერძენიშვილის, გია ბუღაძის, ანტონ ბალანჩივაძის, მარიკა იზორიას, ნინო ზაალიშვილის, ანა მღებრიშვილის, კახაბერ ტატიშვილის, გურანდა ქლიბაძის, გიორგი შხვაცაბაიას, გია ჯაფარიძის ნამუშევრები. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ ამ კონფერენციისთვის შექმნა მედეას ქანდაკება, ხოლო გიორგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტმა ასევე საგანგებოდ აღადგინა გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურა (კომპოზიტორი: ი. კეჭაყმაძე).
 

პროგრამა




 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია