ქართულ-ბერძნული ფესტივალი “ოქროს საწმისი”

დედაქალაქის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზია და  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური  ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის   ინსტიტუტის განვითარების  ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს – ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“ .
ამა წლის 5 აპრილიდან – 15 მაისის ჩათვლით ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზია აწყობს ფესტივალს „ოქროს საწმისი“, რომელიც ხელს შეუწყობს ანტიკური, ბიზანტიური და თანამედროვე ბერძნული კულტურის გავრცელება-პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო  სივრცეში. ზემოხსენებული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კერძოდ, კონკურსები ლიტერატურასა და პოეზიაში, ხატვასა და ძერწვაში, ცეკვასა და სიმღერაში. აგრეთვე დაიდგმება თეატრალური წარმოდგენები, ჩატარდება ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში, რაც უფრო მეტად გააღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას ბერძნული ცივილიზაციის შესახებ და იმავდროულად ხელს შეუწყობს ორ მართლმადიდებლურ ქვეყანას, საქართველოსა და საბერძნეთს, შორის  მეგობრული და კულტურული  ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.  

საფესტივალო  ღონისძიებები:

1. სპექტაკლი (თეატრალური წარმოდგენა):  ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს   ნახევარ საათს და სასურველია მასში ჩართული იყოს ბერძნული ცეკვები და სიმღერები. სპექტაკლი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ბერძნულ, ისე ქართულ ენაზე, ანდა ნაწილობრივ ბერძნულად და ნაწილობრივ ქართულად. ჟიურის ყურადღება გამახვილებული იქნება მონაწილეთა მეტყველების გამართულობაზე. სპექტაკლები გაიმართება ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში.
ამ კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში:
ა) ნომინაცია –  „საუკეთესო  ქართულენოვანი თეატრალური წარმოდგენისათვის“;
ბ) ნომინაცია –  „საუკეთესო ბერძნულენოვანი  თეატრალური    წარმოდგენისათვის“;
გ) ნომინაცია – „ქალისა და მამაკაცის როლის  საუკეთესო შესრულებისთვის“;
დ) ნომინაცია  – „საუკეთესო თეატრალური კოსტუმებისთვის“;
ე) ნომინაცია  – „საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის“;
ვ) ნომინაცია  – „საუკეთესო სცენარისათვის”. 
2.  ნომინაცია  – „ბერძნული სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის“: შენიშვნა: მონაწილემ ბერძნული სიმღერა უნდა შეასრულოს ფონოგრამის გარეშე.
3. ნომინაცია „ბერძნული ცეკვის საუკეთესო შესრულებისათვის“: ეს ნომინაცია ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე კონკურსანტის მიერ შესრულებულ ცეკვას, რომელიც  უნდა იყოს დადგმული ბერძნული ნაციონალური ცეკვების კომპოზიციურ თავისებურებათა გათვალისწინებით ან მათი ცალკეული ელემენტების გამოყენებით. შეფასებისას ჟიურის ყურადღება გამახვილებული  იქნება მოძრაობების სიზუსტეზე, პლასტიკურობაზე, სინქრონულობასა და   რიტმულობაზე.
4. ნომინაცია – „საუკეთესო მხატვარი”  /  „საუკეთესო მოქანდაკე“: ნამუშევრის თემატიკა უნდა ეხებოდეს საბერძნეთს, კერძოდ, მის ისტორიას ან  მითოლოგიას,  ანდა   საქართველოსა   და საბერძნეთის  ურთიერთობებიდან  რომელიმე ცნობილ ისტორიულ მოვლენას. ჟიურის ყურადღება გამახვილებული იქნება როგორც ნამუშევრის მხატვრულ ღირსებებზე, ისე რომელიმე კონკრეტული მოვლენისა თუ პერსონაჟის ავტორის მიერ მართებულად, რეალისტურად და  ორიგინალურად  გადმოცემაზე.
5. ნომინაცია – „ბერძნული და ქართული ლექსების საუკეთესო მხატვრული კითხვისათვის“:   ეს ნომინაცია გულისხმობს მონაწილეთა მიერ  პოეტური ნაწარმოების მხატვრულად წაკითხვას როგორც ბერძნულ, ისე ქართულ ენაზე. მხატვრული კითხვის შეფასებისას ჟიურის ყურადღება გამახვილებული იქნება ორივე ენაზე კონკურსანტების მიერ ნაწარმოებების უაქცენტოდ  შესრულების უნარზე. საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ის ლექსები, რომლებიც უკვე თარგმნილია ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად.  
6. ვიქტორინა - (შემეცნებითი თამაში რა? სად? როდის?): ვიქტორინის მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს ბერძნული და ქართული   მითოლოგიიდან (კერძოდ, ბერძნული მითების შემთხვევაში „დიდი    ზეციური    ღმერთებისა“ და „არგონავტების კოლხეთში ლაშქრობის“ მითოლოგიური ციკლებიდან). ვიქტორინა გაიმართება სკოლების მიერ  წარმოდგენილ გუნდებს შორის გამართული შეჯიბრის ფორმით. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ, კაპიტნების ჩათვლით, ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდები. კონკურსამდე 2 კვირით ადრე თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს კონკურენტი გუნდებისთვის ზემოაღნიშნული თემატიკის გათვალისწინებით მის მიერ შედგენილი კითხვები. ამდენად, შეჯიბრის პროცესში მოწინააღმდეგე გუნდები ერთმანეთს დაუსვავენ წინასწარ უკვე მოფიქრებულ კითხვებს. ვიქტორინა  ჩატარდება თამაშის – „რა? სად? როდის?“ პრინციპით. კონკურსი მოეწყობა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. თითოეული გუნდის განკარგულებაში მისთვის დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად იქნება 15-დან 25 წუთამდე. ვიქტორინის გამარჯვებულები გამოვლინდება ორ ნომინაციაში:
ა) ნომინაცია – „საუკეთესო გუნდი“;
ბ) ნომინაცია „საუკეთესო მოთამაშე“.
7. ნომინაცია - „საუკეთესო მოხსენება“ (პრეზენტაცია): მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კვლევითი ან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის ნაშრომი საბერძნეთის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის ანდა რელიგიის შესახებ. სასურველია, რომ თემა ამა თუ იმ ფორმით ითვალისწინებდეს ქართულ-ბერძნულ  ურთიერთობებსაც.
8. ნომინაცია - „ ჟიურის  სიმპათია“ .
9. ნომინაცია - „ყველაზე  აქტიური სკოლა“:  ამ ნომინაციის გამარჯვებული გახდება ის სკოლა, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მეტ ღონისძიებაში მიიღებს წარმატებულად მონაწილეობას.
10. ნომინაცია„ნიჭიერი პატარა  ხელოვანი“;
11. ნომინაცია„ყველაზე კრეატიული სკოლა“;
12. ნომინაცია – „ყველაზე გამორჩეული მონაწილე“.
ფესტივალის თითოეულ ღონისძიებას დაესწრებიან და შეაფასებენ ჟიურის წარმომადგენლები. ჟიური შედგება 3 წევრისგან. მათ შორის არის ბერძენი პედაგოგი ქალაქ ათენიდან,  ქალბატონი დიმიტრა ციტურა, რომელიც  საგანგებოდ მოწვეულია საქართველოში და  ამჟამად კითხულობს ლექციებს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში;
ფესტივალი „ოქროს საწმისი“ გაიმართება 2013 წლის 5 აპრილიდან 15 მაისამდე; ფესტივალს უხელმძღვანელებენ ბერძნული ენის სპეციალისტები და პროგრამის „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ წარმომადგენლები; ღონისძიებების ჩატარების პროცესში წამყვანი იქნებიან ბერძნული ენის მცოდნე უფროსკლასელი მოსწავლეები;
ფესტივალის გახსნის ღონისძიება გაიმართება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო დაჯილდოვებისა და დახურვის ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII  კორპუსში, კლასიკური  ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  ინსტიტუტის სააქტო დარბაზში;
ფესტივალის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები გაიმართება ქართულ ენაზე.      

ვადები

ფესტივალის დებულების გავრცელება – 2013 წლის  მარტი
ამა  წლის 5 აპრილს  თბილისის კლასიკური გიმნაზია   გახსნის ფესტივალს „ოქროს საწმისი“, სადაც  მოწვეულნი  იქნებიან თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და  ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის სკოლების წარმომადგენლები. ფესტივალის საზეიმო გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მოსწავლეთა  მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა.

პროგრამა

სახვითი და გამოყენებითი ნიმუშების  გამოფენა, სიმღერისა და ცეკვის კონკურსი — 2013 წლის  5 აპრილი
საკონფერენციო მოხსენებები და ლიტერატურული ღონისძიებები — 2013 წლის 12  აპრილი;
ვიქტორინა — 2013 წლის  19 აპრილი;
სპექტაკლი — 2013 წლის 26 აპრილი;
ფესტივალის დახურვა — 2013 წლის   15 მაისი;
ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით.
სრულ   პროგრამასთან  გაცნობა   შესაძლებელი იქნება ფესტივალში  მონაწილეობის    მსურველთა  რეგისტრაციის  დასრულების შემდეგ .
რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2013 წლის  30 მარტი, 18 : 00.

პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი:
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  ინსტიტუტის განვითარების ფონდი

 

ამირან ჯამაგიძე
ქ.თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი

ნინო ბადაშვილი
პროგრამის „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ მასწავლებელი

თამარ ცხვედიანი                                                       
პროგრამის „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ მასწავლებელი