საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

 

 

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია

„ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22-24 სექტემბერი, 2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს საკონფერენციო განაცხადების მიღებას საერთაშორისო ონლაინ კონფერენციისთვის „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 22-24 სექტემბერს (კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის სექტემბერში, მაგრამ გადაიდო და ფორმატი შეიცვალა კოვიდ 19 პანდემიის გამო).

საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს  და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: (i) კლასიკური სიძველეთმცოდნეობისა და ბიზანტინისტიკის აქტუალური პრობლემები; (ii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და თანამედროვეობა; (iii) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და საქართველო; (iv) ციფრული ტექნოლოგიები კლასიკურ სიძველეთმცოდნეობასა და ბიზანტინისტიკაში.

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება – 20 წთ., დისკუსია – 10 წთ.). კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული.

მოხსენების თეზისების მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2021. მოხსენების თეზისები (არა უმეტეს 250 სიტყვისა) წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი კონფერენციის თეზისებში დასაბეჭდად). თეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ: სახელი და გვარი, დაწესებულება და თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა).

საკონფერენციო თეზისები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: g.tsereteli150@gmail.com. მოხსენებათა შერჩევა დასრულდება 2021 წლის 30 აპრილს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2021 წლის ივლისში.

კონფერენციის მასალები ფარული რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფაზისში“, რომელიც ინდექსირებულია ERIH PLUS-ის მიერ (Phasis. Greek and Roman Studies, Institute of Cassical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University). დასაბეჭდად მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2021.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს: g.tsereteli150@gmail.com