წიგნის „დემოკრატიული ტენდენციები – ანტიკური სამყარო და საქართველო“ პრეზენტაცია

 

28 მარტს 18:00 საათზე თსუ VIII კორპუსში შედგება წიგნის „დემოკრატიული ტენდენციები – ანტიკური სამყარო და საქართველო“ პრეზენტაცია. წიგნი შეიქმნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ავტორთა კოლექტივის მიერ (ლევან გორდეზიანი, ქეთევან გარდაფხაძე, თეა დულარიძე, თამარ თარხნიშვილი, ქეთევან ნადარეიშვილი, მანანა ფხაკაძე).

წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საენციკლოპედიო სტატიები, რომლებიც ეძღვნება სოციალურ ფენებს, თანამდებობებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუციებს, ისტორიულ ფიგურებს, რომლებსაც გარკვეული შეხება ჰქონდათ სახელმწიფოებრივ თუ დემოკრატიულ  რეფორმებთან. ამას წინ უძღვის სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური სფეროს შესახებ სამეცნიერო გამოკვლევები, რომლებშიც შედარებულია ბერძნულ-რომაული ანალოგების ფონზე ქართული სახელმწიფოს სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში განვითარებული დემოკრატიული მიმართულებები, მოდელები და ღირებულებები. ასევე წარმოჩენილია, თუ როგორია ამ ინსტიტუტების დემოკრატიის ხარისხი და რამდენად ორგანულია ისინი ქართული მენტალობისათვის. საყურადღებოა, რომ ამ ენციკლოპედიურ ცნობარში თავმოყრილია დემოკრატიის ჩასახვა-განვითარება-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი ცნება თუ ტერმინი როგორც კლასიკურ ათენსა და რომში, ასევე ფეოდალურ საქართველოში. ნაშრომი საინტერესო იქნება აკადემიური წრეებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და აგრეთვე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 13

თსუ VIII კორპუსი, IV სართული ( სააქტო დარბაზი)